“ჯორჯიან ეარვეისი”, კორონავირუსის გამო, თანამშრომლების 95%-ს უვადო, უხელფასო შვებულებაში უშვებს
„ჯორჯიან ეარვეისი“, მთავრობის მითითებით, დროებით აუქმებს რეგულარულ ავიამიმოსვლას და შეასრულებს ჩარტერულ რეისებს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ განაცხადა.
რომან ბოკერიას თქმით, ავიაკომპანია თანამშრომლების 95%-ს უვადო, უხელფასო შვებულებაში უშვებს.
„შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, იძულებული ვართ, თანამშრომლების 95% უვადო შვებულებაში გავუშვათ. მაქსიმალურად შევეცდებით, სამსახურში რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ, მობილიზება გავუკეთოთ ფინანსურ სახსრებს, რომ ჩვენი პროფესიონალები უკან მალე დავაბრუნოთ. ჩვენი ყველაზე დიდი კაპიტალი ჩვენი თანამშრომლებია“, – განაცხადა ბოკერიამ ბრიფინგზე.
როგორც რომან ბოკერიამ აღნიშნა, “ჯორჯიან ეარვეისი” მზადაა, ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები.
“აგრეთვე, გვინდა აღვნიშნოთ, „ჯორჯიან ეარვეისი“ მზად არის, ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, თუ ამაზე იქნება საქართველოს მთავრობის მზადყოფნა და ხელშეწყობა. ასევე, „ჯორჯიან ეარვეისი“ მზად არის, ინდივიდუალური შეკვეთებითაც შეასრულოს ჩარტერული ავიარეისები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად“, – აცხადებს რომან ბოკერია.
ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ პრესასა და საზოგადოებას ოპერატიულად მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როდის და რომელი ჩარტერული რეისები შესრულდება.