მიხეილ ჭელიძე: საქართველოს წინსვლა OECD-ს რეიტინგში უცხოელი ინვესტორების ინტერესს გაზრდის

„OECD-ის კვლევაში საქართველოს ლიდერობა უცხოელი ინვესტორების ინტერეს გაზრდის“, – ამის შესახებ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ ჭელიძემ განაცხადა.
მიხეილ ჭელიძის მოსაზრებით, საერთაშორისო რეიტინგებს პოტენციური ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ და მინიმუმ იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ( OECD ) საქმიანობს, საქართველოს ავტორიტეტი და ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„ფაქტი მოხდა ძალიან კარგი. სტრატეგიამ, რომელშიც, ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა უწყებებთან ერთად, ჩვენი ასოციაციაც მონაწილეობდა, შედეგი გამოიღო. მიღებული იქნა გაკოტრების შესახებ კანონი, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის დარეგულირდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. რეიტინგში წინსვლამ აჩვენა, რომ ხელისუფლებას აქვს მცირე და საჭუალო ბიზნესის განვითარების გეგმა,რომელიც რეალურად მუშაობს“, – აცხადებს ჭელიძე
მიხეილ ჭელიძის ინფორმაციით, მათი ორგანიზაციის ჩართულობით, საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2016 წელს შეიმუშავა „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია”, რომელიც მონიტორინგის ჯგუფის მიერ, მიმდინარეობის პროცესშიც დადებითად ფასდებოდა და საბოლოო შედეგიც შესაბამისი დადგა.
შეგახსენებთ,რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშის – „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი – 2020″ მიხედვით, საქართველომ რეიტინგში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. საქართველოს შეფასება რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 12-დან 9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები