მთავრობამ პრიორიტეტად ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარება გამოაცხადა – რას ფიქრობენ ეკონომისტები

მთავრობამ პრიორიტეტად ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარება და მხარდაჭერა გამოაცხადა. როგორც მთავრობაში აცხადებენ, კორონავირუსის გავრცელების შედეგად, მსოფლიო ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეექმნება და ამ გამოწვევებისათვის საქართველო მზად უნდა აღმოჩნდეს.
„გვაქვს მიღებული დავალება, მაქსიმალურად მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზაცია და განვავითაროთ საკუთარი წარმოება, განსაკუთრებით – იმპორტის შემცველი წარმოება. დღეს აქცენტს გავაკეთებთ იმ დარგებსა და მათ განვითარებაზე, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნა არის დღეს, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
ნათია თურნავას ინფორმაციით, იმ დარგებისა და პროგრამების ჩამონათვალს, რითაც ადგილობრივი წარმოების განვითარებას უნდა შეეწყოს ხელი, პრემიერმინისტრსა და საკოორდინაციო საბჭოს უახლოეს დღეებში წარედგინება.
არასამთავრობო ორგანიზაცია KAR.GE-ის დამფუძნებელი, ტარიელ ზივზივაძე მთავრობის ამ ინიციატივას მიესალმება, თუმცა ფიქრობს, რომ რეალურ შედეგზე ორიენტირებული ქმედებები მთავრობას დიდი ხნის წინ უნდა დაეწყო.
ზივზივაძის მოსაზრებით, აუცილებელია, რომ სახელმწიფო შესყიდვებში რომელშიც ყოველწლიურად 5 მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება პრიორიტეტი საქართველოში წარმოებულ პროდუქციას მიენიჭოს. ზივზივაძის განცხადებით, მთავრობა ადგილობრი მწარმოებლებს სავაჭრო ქსელებში შესვლა – დამკვიდრებაშიც უნდა დაეხმაროს. KAR.GE-ის დამფუძნებლის ინფორმაციით, სავაჭრო ქსელები მწარმოებლებს ქსელში შესვლის მაღალი ფასით, დრაკონული 35 %-მდე ფასნამატით და, რაც ყველაზე სავალალო პრაქტიკაა, დამატებით დაწესებული 25%-მდე არაოფიციალური პროგრესული გადასახადით (მთლიანი ბრუნვიდან),   “ქეშბექით”ახრჩობენ.
როგორც ზივზივაძე აცხადებს, ამ პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს ისევე მარტივად შეუძლია, როგორც შეძლო და დღეს თითქმის ყველა სავაჭრო ქსელი დროულად უხდის მწარმოებლებს კუთვნილ ფულს.
ზივზივაძის მოსაზრებით, ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოში სულ მცირე 2 წელს გაგრძელდება და საქართველოს ხელისუფლების სამოქმედო გეგმა მინიმუმ 4 წელზე უნდა იყოს გათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები