ირმა ხვედელიანი: საქართველოს წინსვლა OECD-ს რეიტინგში კერძო და საშუალო სექტორს შორის არსებულმა ეფექტურმა დიალოგმა განაპირობა
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) ანგარიში „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი 2020“ გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველომ უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო უპირობო ლიდერია და ანგარიშის 12-ვე კომპონენტში ლიდერობს.
კერძო სექტორის განვითარების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ხვედელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს აღიარება ისეთი ორგანიზაციის მხრიდან, როგორიცაა OECD, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა.
„ანგარიშში საქართველოს წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა. საქართველომ შეიმუშავა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მეტად სტრატეგიული მიდგომა და განახორციელა ფოკუსირებული მიზნობრივი პროგრამები“, – განაცხადა ირმა ხვედელიანმა.
მისი თქმით, მეწარმეობის სტიმულირების ისეთმა პროგრამებმა, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“ და სხვ., განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა.
“საქართველოს წინსვლა განპირობებულია საჯარო და კერძო სექტორს შორის ეფექტური დიალოგითა და თანამშრომლობით. ამ მიზანს ემსახურება ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო და ქალთა მეწარმეობის განვითარების ქვესაბჭო. აღნიშნულ ფორმატში განიხილება მცირე და საშუალო მეწარმეობასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, გადაიდგა არსებითი ნაბიჯები სხვადასხვა დარგის ბიზნესების წახალისების კუთხით,“ – განაცხადა ირმა ხვედელიანმა.
მისი თქმით, OECD-ის ანგარიშში 12 კომპონენტის გარდა, წელს პირველადა გაანალიზებული ქვეყნებში არსებული მდგომარეობა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: კონკურენცია; კონტრაქტების აღსრულება, დავების ალტერნატიული გადაწყვეტა და ბიზნესის კეთილსინდისიერება.
„დარწმუნებული ვარ, მომდევნო ანგარიშში საქართველოს ამ კომპონენტებშიც გამორჩეულად წარმატებული იქნება,“ – აცხადებს ირმა ხვედელიანი.