“ტაში დავუკრათ ჩვენს სამედიცინო პერსონალს”- მადლიერების მარში საქართველოში. (ვიდეო)
საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობა ერთდროულად გამოვიდა და სამედიცინო პერსონალს მადლობა ტაშით გადაუხადა.
ღონისძიება სოციალურ ქსელში დაიგეგმა. მოქალაქეები ერთდროულად, 21:00 საათზე აივნებსა და ქუჩებში წინასწარ დათქმულ ლოკაციებზე გამოვიდნენ და სამედიცინო პერსონალს მადლობა სიმბოლურად ტაშის დაკვრით გადაუხადეს.
ღონისძიებაში მონაწილე მოქლაქეების თქმით, დასაფასებელია ექიმების შრომა და მნიშვნელოვანია ყველამ გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები.
“კორონავირუსი მოდებულია როგორც ეპიდემია და ექიმები დღე და ღამე მუშაობენ. ისინი იმსახურებენ ყურადღებას და დაფასებას. მთელმა ქვეყანამ უნდა გამოხატოს მადლიერება მათ მიმართ და ჩვენ, ჩვენის მხრივ, უნდა მივყვეთ მათ რეკომენდაციებს, რათა არ გავრცელდეს კორონავირუსი”, – აღნიშნა ქუთაისში მადლიერების მარშში მონაწილე დავით რუხაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა და ინფექციური კლინიკიდან გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო, ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.