ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში საეჭვო სიმპტომებით გადაყვანილ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გვიან ღამით გადაიყვანეს, რის შემდეგაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდათ.
ამ დროისთვის, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ერთი მოქალაქე რჩება. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში საკარანტინო სივრცეში 300-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 100 -ზე მეტი პირია.