ცაგერსა და ლენტეხში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი გაიზარდა
ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი გაიზარდა. როგორც ლენტეხის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა აღნიშნა, ასაკოვანი ქალი, რომელიც ავსტრიიდან დაბრუნდა და მეხუთე დღეა, იზოლაციაში იმყოფება,თავს კარგად გრძნობს.
“დაგვემატა ერთი მამაკაცი, ის თვითიზოლაციაში სოფელ მუწდში იმყოფება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ამ ეტაპისთვის, მას რამე განსაკუთრებული სიმპტომები არ აღენიშნება”, ‘ განაცხადა ლენტეხის მერმა.
თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვმა მოიმატა ცაგერში. როგორც ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, თეა გურგუჩიანმა “რეგიონულ კვირას ” განუცხადა, ჯერ კიდევ გუშინ თვითიზოლაციაში 3 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო საღამოდან მათმა რიცხვმა იმატა და დღეს დაკვირვების ქვეშ უკვე 8 ადამიანია.
“დაგვემატა თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები, რომლებიც თურქეთიდან და პოლონეთიდან დაბრუნდნენ. ჩვენი ეპიდემიოლოგი ამ წუთებში მათ მოსანახულებლად იმყოფება. ჩვენ მათ მუდმივ მეთვალყურეობას ვუწევთ. საქმეში ადგილობრივი სამართალდამცავებიც არიან ჩართულნი, რათა არ მოხდეს თვითიზოლაციის წესების დარღვევა. ამ ეტაპისთვის არცერთ ადამიანს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება. ცაგერში თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 8 ადამიანი იმყოფება”, – განაცხადა თეა გურგუჩიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 38 დაადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან ერთი გამოჯანმრთელებულია. კარანტინში 1344 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 ადამიანი რჩება.