ხობში მოხალისეთა ჯგუფები კორონავირუსის საინფორმაციო ბროშურებს არიგებენ

ხობში ახალი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფის წევრები, „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს მეორე დღეა, აცნობენ და საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“დღეს მოხალისეებმა ხობის ქუჩებში საინფორმაციო პლაკატები გააკრეს და ბანკომატები სპეციალური ხსნარით გაწმინდეს.
პლაკატებზე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (1505), დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (116 001), ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა (599 85 60 99) და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (595 95 61 48) ცხელი ხაზის ნომრებია მითითებული.
ნებისმიერი შეკითხვის ან ეჭვის შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დარეკონ აღნიშნულ ნომრებზე”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა რომელთაგან ერთი გამოჯანმრთელებულია, კარანტინში 1261 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები