ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები: პოლიტიკური შეთანხმება მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის

„პოლიტიკური შეთანხმება საქართველოში 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რომელსაც ჩვენ გასულ კვირაში უმაღლესი შეფასება მივეცით, კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის დემოკრატიული კონსოლიდაციის თვალსაზრისით”, – აცხადებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები საკითხებში: ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი). განცხადება 2020 წლის 11-12 მარტს თბილისში კორლატეანის ვიზიტის შემდეგ გაკეთდა.

თანამომხსენებლები მიესალმებიან კონსტრუქციულ სულისკვეთებას, რომლითაც მიღწეული იყო შეთანხმება ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საარჩევნო ოლქების საფრთხილო საკითხის ჩათვლით. შესაბამისად, თანამომხსენებლები გამოთქვამენ იმედს, რომ თანამონაწილეობისა და თანამშრომლობის ეს ახალი სულისკვეთება გაგრძელდება არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების პროცესშიც.

„როგორც ჩვენ უკვე განვაცხადეთ გასულ კვირაში, ამ შეთანხმებას შეუძლია წვლილის შეტანა პოლიტიკურ გარემოში მუდმივი დაძაბულობისა და პოლარიზაციის განმუხტვაში, რომლებიც აფერხებენ დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს ამ მუხტის შენარჩუნებისკენ და იმავე პოლიტიკური ნებისა და სიმწიფის გამოჩენისკენ, რათა შეთანხმება შედგეს სხვა საკითხებზეც, რომლებიც მათ შორის უთანხმოებას იწვევს”, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

ამ კონტექსტში მათ აღნიშნეს, რომ დაპირების შესრულება საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით უფრო რთული და საფრთხილო საქმე აღმოჩნდა, მიუხედავად მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური ნებისა. შესაბამისად, თანამომხსენებლები მოუწოდებენ ყველა პარტნიორს, თავი შეიკავონ ნებისმიერი მოქმედებისგან, რომელმაც შეიძლება გაართულოს ან ეჭვის ქვეშ დააყენოს ამ დაპირების შესრულება.

გარდა ამისა, თანამომხსენებლებმა მოუწოდეს ყველა დაინტერსებულ მხარეს, ქალი კანდიდატების სათანადო წარმომადგენლობის უზრუნველყოფისკენ მომავალი არჩევნების როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ კომპონენტში.

რაც შეეხება სასამართლოს რეფორმას, თანამომხსენებლებმა დადებითი შეფასება მისცეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მე-4 ტალღის დამტკიცებას და გამოხატეს იმედი, რომ ეს ტალღა სწრაფად და თანმიმდევრულად განხორციელდება. მათ, ასევე, მოუწოდეს ხელისუფლებას, მომავალშიც გააგრძელოს სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების გზების ძიება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. თანამომხსენებლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მართლმსაჯულების სისტემა რეალური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა დამოკიდებულია არა მხოლოდ რეფორმების სწრაფ და თანმიმდევრულ განხორციელებაზე, არამედ პროცესში ყველა მონაწილე ყველა დაინტერესებული მხარის მხრიდან დამოკიდებულებასა და მოქმედებაში შესაბამის ცვლილებებზეც.

თანამომხსენებლები, ასევე, მიესალმებიან მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ამჟამინდელი საპარლამენტო სესიის დროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დანიშნონ დამატებითი მოსამართლეები. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, დანიშნონ მოსამართლეები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ მას შემდეგ, რაც დანიშვნის პროცედურების შესახებ ამჟამად მოქმედ კანონში შევა ცვლილებები წინა დანიშვნის ციკლში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით. გარდა ამისა, თანამომხსენებლები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის დანარჩენი რეკომენდაციები, კერძოდ, ფარული კენჭისყრის გაუქმებასთან, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებასთან და შერჩევის ერთიანი და გამჭვირვალე კრიტერიუმების შემოღებასთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამსახურებებზე დაფუძნებული დანიშვნის პროცესი.

მიღწეული პროგრესის აღიარების გარდა, თანამომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, კიდევ უფრო შეამცირონ წინასწარი პატიმრობის გამოყენება, რაც (ჯერ კიდევ ძალიან ხშირად გამოყენებული) ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და ასაზრდოებს ბრალდებებს მის პოლიტიკურად მოტივირებული მიზნების მისაღწევად გამოყენებასთან დაკავშრებით. თანამომხსენებლები მიესალმებიან ხელისუფლების და მმართველი უმრავლესობის მტკიცე გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული კანონდარღვევების შესახებ ახალი კანონის შემუშავებასთან დაკავშირებით, რადგან ამჟამად მოქმედი კანონი ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაშია შექმნილი, რითაც ის ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს – და იძლევა ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არსებობს კარგი შესაძლებლობა საქართველოს პოლიტიკურ გარემოში ახალი სულისკვეთების დამკვიდრების მხრივ, რაც წვლილს შეიტანს ხსენებული რეფორმების განხორციელებაში და ახალ ბიძგს მისცემს საქართველოში დემოკრატიულ კონსოლიდაციას. როგორც დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს მეგობრები, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ პროცესში მონაწილე ყველა დაინტერსებულ მხარეს,” – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები