ეკატერინე მიქაბაძე: “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების ტენდენცია წელსაც გაგრძელდა

“ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების ტენდენცია წელსაც გაგრძელდა”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ Heritage Foundation-ის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

ეკატერინე მიქაბაძის თქმით, წინა წელთან შედარებით, საქართველო ევროპის რეგიონში 2 პოზიციით დაწინაურდა – ამ შედეგით საქართველო ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა „უმეტესად თავისუფალი” სტატუსით. საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (69.8 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (61.6 ქულა).

„მნიშვნელოვანია, რომ ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების ტენდენცია წელსაც გაგრძელდა. კვლევაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი რეფორმა გაატარა, რომელმაც ხელი შეუწყო ეკონომიკური თავისუფლების მიმართულებით არაერთი ასპექტის გაუმჯობესებას, იქნება ეს კორუფციის აღმოფხვრა, რეგულაციებისა თუ საგადასახადო სისტემის სიმარტივე. ასევე, აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა მდგრადი ტემპით იზრდება, რაც ძალიან კარგი გზავნილია საერთაშორისო დონორებისა და ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოსთან თანამშრომლობენ ან ამას სამომავლოდ გეგმავენ”, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

საქართველოს ეკონომიკა კვლავ აგრძელებს თავის შთამბეჭდავ 7-წლიან ზრდას თავისუფლების სხვადასხვა მიმართულებებით. Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი” 2020 წლის კვლევაში, საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა.

რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა 5 ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: საკუთრების უფლება (68.6 ქულა), მთავრობის სამართლიანობა (64.8 ქულა), სასამართლოს ეფექტიანობა (57.9 ქულა), მონეტარული თავისუფლება (78.3 ქულა) და ფისკალური თავისუფლება (94.4 ქულა). 2020 წელს საკუთრების უფლების ინდიკატორში საქართველომ უპრეცენდენტო აღიარება მოიპოვა და ქვეყნის შეფასებამ 68.6 ქულა შეადგინა. 2012 წელს ქვეყანას აღნიშნულ ინდიკატორში მხოლოდ 40.0 ქულა ჰქონდა. მთავრობის სამართლიანობის კომპონენტში საქართველოს შეფასება 6.3. ქულით გაუმჯობესდა და 64.8 ქულა შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები