გორის სამხედრო ჰოსპიტალს, საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსიანი პაციენტების მიღება შეუძლია

გორის სამხედრო ჰოსპიტალი დღეიდან კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მიღებას შეძლებს.
ჰოსპიტალში მოწყობილ ბოქსირებულ განყოფილებაში შესაძლებელი იქნება 40 პაციენტის მიღება.
სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში, ამ დროისთვის, 27 მოქალაქე რჩება, აქედან 11 სამხედრო პირია.

საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეს დღეს 11 პაციენტი დატოვებს.

„სამხედრო ჰოსპიტალი განაგრძობს მშვიდ სიტუაციაში არსებული პრობლემის მართვას. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, საჭიროების შემთხვევაში, მივიღებთ დაინფიცირებულ პაციენტებს. აქედან გამომდინარე, მოხდა მყისიერი რეაგირება ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით და გუშინ გაყვანილი იქნა 25 პაციენტი სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში. გამოვათავისუფლეთ ინფექციურის ბლოკი, სადაც შეიძლება, განთავსდნენ პაციენტები. დღეის მდგომარეობით, საეჭვო პაციენტი არ მიგვიღია და ყველა ანალიზი არის უარყოფითი. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეს – 27 მოქალაქე რჩება. 14 დღის გასვლის შემდეგ, ისინი დატოვებენ კლინიკის საკარანტინო სივრცეს. რეალურად, ნებისმიერი პაციენტის შემოყვანა იქნება შეთანხმებული ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს შეიძლება, იყოს საეჭვო შემთხვევა ან დადგენილი შემთხვევა და ჩვენ ვუმკურნალებთ. მკურნალობაც არის ერთიანი პრინციპით საქართველოში, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ტაქტიკით მიღებული“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, დავით ბაროიანმა.

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა, საკარანტინო რეჟიმში 637 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54, ერთი მოქალაქე კი გამოჯანმრთელებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები