თენგიზ ცერცვაძე: პრემიერთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ინფექციური საავადმყოფოს გარდა პაციენტებს კიდევ 4 კლინიკა მიიღებს

“დღეს პრემიერთან შეხვედრაზე მიღებული იქნა ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება – აქამდე თუ ინფექციური საავადმყოფო იღებდა ავადმყოფებს, გადაწყდა, რომ პირველი რიგის მიმღები იქნება 5 კლინიკა – ინფექციური საავადმყოფო დარჩება, საუნივერსიტეტო კლინიკა, ყოფილი 8-ე საავადმყოფო მთლიანად დაიცლება, რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გამოთავისუფლდება, დღეს თუ იქ კარანტინში იმყოფებიან პაციენტები, ისინი გადაინაცვლებენ სხვა სივრცეში და რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება ავადმყოფების მიმღები, ასევე გორის ჰოსპიტალი, სადაც 140 საწოლია და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა, სადაც 11 საწოლია”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ამ კლინიკის რესურსი, 420 საწოლით უკვე მობილიზებულია და ხვალისთვის ეს კლინიკები იქნება დაცლილი.

„ეს პასუხი იმ ეჭვიან ხალხს, ვინც ამბობს, რომ  გამოყოფილი რესურსი საკმარისი არ არის. დღეს არის 30 ავადმყოფი. თვენახევარია, რაც საქართველომ დაიწყო პაციენტების მიღება. ეჭვი მეპარება, რომ ორ დღეში ეს 420 საწოლი გაივსოს. ეს დაუჯერებელია ყველაზე ცუდი სცენარითაც კი. სულ ცოტა, სამი კვირა ეს 420 საწოლი იქნება საკმარისი. შესაძლოა, ისე დასრულდეს ეპიდემია, რომ ეს რაოდენობა საჭირო არ გახდეს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, არსებობს ასევე დამატებითი გეგმა, რომლის მიხედვითაც, მიღწეულია შეთანხმება კერძო სექტორთან და საჭიროების შემთხვევაში დამატებით 4 კლინიკა, ჯამში 3600 საწოლით გამოთავისუფლდება.

„ამის შემდეგ არის გეგმა B – პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა მოლაპარაკებები კერძო სექტორთან. წინასწარი შეთანხმება არსებობს, რომ დიდი საავადმყოფოების ქსელში, როგორებიც არის – „ევექსი”, „ავერსი”,  „პსპ-ს” ქსელი, „ნიუ ჰოსპიტალი” და სხვები, ღუდუშაურის საავადმყოფო, მათთან მიღწეულია პირველადი შეთანხმება, რომ ისინი გაამზადებენ გამოსათავისუფლებლად 3600 ადგილს და მოთხოვნიდან ორ დღეში ეს 3600 ადგილი იქნება დაცლილი.

სულ საქართველოს ექნება 3600 და დღეს მოქმედი 420 საწოლი. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ჩავთვალოთ გადაწყვეტილად. თავისუფლდება საუკეთესო კლინიკები, საუკეთესო აღჭურვილობით. არსებობს ასევე გეგმა C, როდესაც უკვე ის კერძო სექტორი, კიდევ დამატებით 3600 საწოლს გამოათავისუფლებს. ეს წინასწარი შეთანხმება არსებობს და ყველა გაგებით მოეკიდა ამას”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები