საჩხერეში 2020 წელს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის”ფარგლებში, 741 500 ლარი დაიხარჯება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორცილებლად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან,   ყველა მუნიციპალიტეტს თანხები გამოეყო.

საქართველოს მთავრობის #2752 განკარგულებით, საჩხერის მუნიციპალიტეტს 2020 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის 672 000 ლარი გამოეყო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამას კიდევ 69 500 ლარი ემატება. სულ სოფლის მხარდაჭერისთვის 2020 წელს 741 500 ლარი დაიხარჯება.

სოფლის პროგრამის უპირატესობა, გარდა იმისა, რომ ის სოფლის აღორძინებას უწყობს ხელს და მოსახლეობის ყოფის შემსუბუქებაზე ზრუნავს, კიდევ ის არის, რომ ამ პროცესებში მოქალაქეები უშუალოდ არიან ჩართულნი. ისინი თავად იღებენ გადაწყვეტილებას სასურველი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად და ამას მარტივი, გამჭირვალე გზით აკეთებენ. ამის მაგალითად გამოდგება ის ფაქტიც, რომ 2020 წლის თებერვალში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, მათი მოადგილეები კობა ქიმაძე, ერეკლე ჩხიკვაძე, საკრებულოსა და მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურებისა და კომისიების ხელმძღვანელები, სოფლის წარმომადგენლები და სხვა კოპეტენტური პირები, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში იმყოფებოდნენ.

სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების სახით გაიმართა. ადგილობრივებმა კენჭი სასურველ პროექტებს უყარეს. საბოლოოდ კი მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით სასურველი პროექტი გადაწყვიტა.

მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის 2020 წლის თებერვლის თვეში სულ 45 შეხვედრა შედგა. დასახელებული ინფრასტრუქტურული საჭიროებებიდან გამოიკვეთა შემდეგი სახეობის პროექტები: წყალმომარაგების სისტემებისა და ქსელების რეაბილიტაცია, საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა, დასასვენებელი სკვერების კეთილმოწყობა, საუბნო გზების მშენებლობა, საუბნო გზების მოხრეშვა, სანიაღვრე არხების მოწყობა, გაბიონებისა და დამცავი ჯებირების მშენებლობა, გარე განათებების მოწყობა, სპორტული მოედნების მოწყობა, მგზავრთა მოსაცდელების მოწყობა, სასაფლაოებისკენ მიმავალი გზების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების მოწყობა, სათამაშო ატრაქციონების შეძენა და სხვა. თითოეული ჩამოთვლილი პროექტი კონკრეტულ სოფელშია გათვალისწინებული.
პრიორიტეტული პროექტების დასახელების გარდა, მოსახლეობას საშუალება ჰქონდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან უშუალოდ ესაუბრა და თავიანთი პრობლემები,  თუ სასურველი თემები განეხილა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2009 წელს დაიწყო. 2009-2011წწ. პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი იყო. 2012 წლიდან ამ თანხამ 50 მილიონი შეადგინა. პროგრამა 2016 წელს შეჩერდა თუმცა მოქმედება 2019 წლიდან კვლავ განაგრძო.დღემდე აღნიშნული წარმატებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები