გიორგი ცუცქირიძე: „ქართუ” ფონდის დღევანდელი განცხადება იყო სახელმწიფოებრივი სოლიდარობის უპრეცედენტო აქტი
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში „ქართუ” ფონდის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და მას უპრეცედენტო სახელმწიფოებრივი სოლიდარობის აქტს უწოდებს.
ექსპერტის განცხადებით, „ქართუ” ფონდისგან ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო და მაგალითისთვის უიმედო სესხების განულების პროგრამა მოჰყავს.
„ქართუ” ფონდის დღევანდელი განცხადება იყო სახელმწიფოებრივი სოლიდარობის უპრეცედენტო აქტი. გასულ წლებში გაწეული აქტივობებიდან გამომდინარე, ეს ისედაც მოსალოდნელი იყო. მაგალითისთვის, თუნდაც, უიმედო სესხების განულების პროგრამა, უპირველესად, სწორედ სოციალური აქტი და სამოქალაქო სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი იყო, როდესაც ასეულ ათასობით ჩვენს მოქალაქეს მიეცა შესაძლებლობა, ამ საბანკო დავალიანებების განულებით კვლავ ჩართულიყო აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობაში.
„ქართუ” ფონდის დღევანდელი გადაწყვეტილება კი ამ ისტორიის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს. ეს გადაწყვეტილება კი არის, პირველ ყოვლისა, სახელმწიფო პატრიოტიზმის კუთხით მნიშვნელოვანი. ის სხვა კუთხითაც მნიშვნელოვანია, როდესაც განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების ბიუჯეტსაც უჭირს ამ ტიპის ფორსმაჟორული სიტუაციების მართვა, ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს პრობლემა გაცილებით აქტუალურია.
დღეს წამყვანმა ქართულმა ბანკებმაც ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგეს, როდესაც სასესხებო ვალდებულებები გადაავადეს. გასულ წლებში ბანკების კრიტიკა და პრეტენზიები არ ყოფილა უსაფუძვლო და ერთ-ერთი სწორედ სოციალური სოლიდარობის კუთხითაც იყო”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.