ბექა ლილუაშვილი: გვაქვს გარკვეული შეთანხმებები, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ეკონომიკაზე ვირუსის ნეგატიური ზემოქმედების შესამსუბუქებლად
“განვიხილეთ ყველა ინიციატივა და მოსაზრება, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ეკონომიკაზე ვირუსის ნეგატიური ზემოქმედების შემსუბუქებას”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბანკო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბექა ლილუაშვილის თქმით, კონკრეტული მიმართულებებით მთავრობას გარკვეული შეთანხმებები უკვე აქვს.
„ეს არის ისეთი მიმართულებები, როგორიც, მაგალითად, ფისკალური სტიმულირების ღონისძიებებია, კონკრეტულად გარკვეული გადასახადების ნაწილში, სექტორულად იმ მოწყვლადი სექტორებისთვის გარკვეული შეღავათების მიცემა, რომლებზეც ყველაზე მეტად იმოქმედებს და გავრცელდება ნეგატიური ზემოქმედება.
ასევე, განხილულია სხვადასხვა სახელმწიფო მოქმედი ინსტრუმენტის თვალსაზირით ეფექტიანობის ზრდა იმისთვის, რომ დავეხმაროთ კერძო სექტორს ამ კრიზისის გადალახვაში“, – განაცხადა პრემიერმინისტრის მრჩეველმა.