გიორგი ვოლსკი აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიშზე: შენიშვნები გასათვალისწინებელია, მით უმეტეს, თუ ეს პარტნიორი ქვეყნის მიერ არის გაკეთებული

“შენიშვნები გასათვალისწინებელია, მით უმეტეს, თუ ეს შენიშვნები პარტნიორი ქვეყნის მიერ არის გაკეთებული”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ანგარიშში ძალიან ბევრი პოზიტივია ნახსენები და ბევრი შენიშვნაც არსებობს, რაც სერიოზულ გაანალიზებას მოითხოვს.

„შენიშვნები გასათვალისწინებელია, მით უმეტეს, თუ ეს შენიშვნები პარტნიორი ქვეყნის მიერ არის გაკეთებული. რაც შეეხება 20 ივნისზე შეფასებას – ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამ შეფასებას, ვინაიდან ფაქტია, მთელი საზოგადოების თვალწინ ადგილი ჰქონდა პარლამენტში შემოჭრის ორგანიზებულ მცდელობასა და ფიზიკურ დაპირისპირებას, რაც ნამდვილად არ გამოუწვევია საპოლიციო ძალებს. პირიქით, მოთმინებით იტანდნენ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ვერცერთ ქვეყანაში და, განსაკუთრებით, აშშ-ში პოლიციელის წინააღმდეგ ასეთი გავეშებული შეტევა, რასაკვირველია, არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე. სამწუხარო ფაქტებიც იყო, ადამიანები დაშავდნენ. კიდევ ერთხელ განვიცდი როგორც ადამიანურად, ასევე – როგორც პოლიტიკოსი და არ მეგულება ადამიანი, ვინც ამას არ განიცდიდეს, მაგრამ დადასტურებული ფაქტია, პარლამენტზე შეტევა იყო და პოლიციელებმა საათების განმავლობაში სერიოზული დარტყმები მიიღეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკიმ ყურადღება გაამახვილა ანგარიშის იმ ნაწილზე, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზეა საუბარი და აღნიშნა, რომ ანგარიშის ამ ნაწილს ეთანხმება.

„ამ ნაწილს ვეთანხმები. იზღუდება კი არა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშინელი მდგომარეობაა შექმნილი. განსაკუთრებული დარღვევები და ზეწოლა ხორციელდება ეთნიკურად ქართველებზე. აფხაზები, ოსები, სხვა ეროვნების ხალხი, ასევე, უმძიმეს მდგომარეობაში არიან და არათუ მათი უფლებები, მათი ეთნოსი იკარგება და ამ საგანგებო მნიშვნელობის თემას გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ. აფხაზი, როგორც ეთნოსი ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. 2019 წლის დოკუმენტში ტრადიციულად საქართველოში არსებული მდგომარეობაც მიმოხილულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები