დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე 1 პირი დააკავა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე ა.კ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის მოქალაქემ 2100 აშშ დოლარის სანაცვლოდ 4200 ყალბი აშშ დოლარი საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეზე გაასაღა”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

გამოძიება დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები