პირს, რომელმაც მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის და სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის მოტივით, დაზარალებულების კუთვნილი 98 000 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა ბრალდება წარედგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის და სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის მოტივით, დაზარალებულების კუთვნილი 98 000 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლიდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.