ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსული რუბლის გაუფასურების ფონზე, ფასების 40%-ით გაზრდას ელოდებიან
ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსული რუბლის გაუფასურების ფონზე, იმპორტირებულ საქონელზე ფასის გაზრდა შესაძლოა, 40%-ით მოხდეს.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არაკომერციული ორგანიზაციის სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ამრა წუშბამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, იმპორტირებულ საქონელზე ფასები გაიზრდება და ყველაფერი რუბლის კურსზე იქნება დამოკიდებული.
წუშბას თქმით, შექმნილი ვითარება რუსეთის მხრიდან ეკონომიკურ დახმარებაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ე.წ. ქვეყანას საკმარისი რეზერვი აქვს, “მაგალითად, კეთილდღეობის ეროვნული ფონდის მოცულობა, თითქმის 8 ტრილიონ რუბლს შეადგენს”.
“ამიტომ, რუსეთს შეუძლია, ჩვეულ რეჟიმში შეასრულოს ყველა სოციალური ვალდებულება, რომელსაც 6 ან 10 წლით იღებს, თუნდაც ნავთობის ფასი 25 დოლარამდე დაეცეს”, – თქვა წუშბამ.