ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ნადინ დორისს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დორისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის რეკომენდაციის შესაბამისად, თვითიზოლაციაში გადავიდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ნადინ დორისს ვირუსისთვის დამახასიათებელი პირველი სიმპტომები ერთი კვირის წინ გამოუვლინდა, როდესაც ის დაუნინგ სთრითზე, პრემიერმინისტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

ამჟამად, ბრიტანეთის მთავრობის ყველა მინისტრი, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრი, მეტ ჰენკოკი, კორონავირუსზე ტესტს ჩაიტარებენ.

როგორც ჰენკოკმა სოციალურ ქსელში დაწერა, დორისი სწორად მოიქცა, როდესაც თვითიზოლაციაში გადავიდა და მას გამოჯანმრთელება უსურვა.

დაუნინგ სთრითზე, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებიათ, გაიარა თუ არა პრემიერმა, ბორის ჯონსონმა კორონავირუსზე ტესტირება.

ბრიტანეთში კორონავირუსს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 382 ინფიცირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები