თამარ გაბუნია კორონავირუსზე: მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული ნებისმიერი მოგზაური ექვემდებარება სავალდებულო კარანტინს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მიმდინარე პროცესებზე ტელეკომპანია „იმედის” „დღის ქრონიკის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ დეტალურად განმარტა, როდის გადადის ადამიანი თვითიზოლაციაში და როდის – კარანტინში.

„გუშინ ამოქმედდა მთავრობის განკარგულების დონეზე ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს, რომ მაღალი რისკის ქვეყნებიდან (ჩინეთი, სამხრეთი კორეა, იტალია) ჩამოსული ნებისმიერი მოგზაური, რომელიც ბოლო ორი კვირა იმყოფებოდა ამ ქვეყნებში, ექვემდებარება სავალდებულო კარანტინს. კარანტინი შეიძლება იყოს საკარანტინე სივრცეში, თუმცა, განვიხილავთ თვითიზოლაციის შესაძლებლობასაც. მაგრამ თვითიზოლაცია დასაშვებია მხოლოდ ეპიდემიოლოგის დასკვნისა და კონკრეტული გარემოს შეფასების შემდეგ.

საკარანტინე სივრცეები არსებობს. დაახლოებით 250 ადგილია გამოყოფილი. შეიძლება მოხდეს ისეც, რომ მოგზაური თავდაპირველად გადავიდეს საკარანტინე სივრცეში, სანამ ეპიდემიოლოგები მის მიერ წარმოდგენილი თვითიზოლაციის ადგილი შეაფასებენ და შემდეგ უკვე საკარანტინე სივრციდან გადავიდეს თვითიზოლაციის რეჟიმზე. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც თვითიზოლაციის სივრცის არარსებობის ან იმის გამო, თუკი მიიჩნევა, რომ ადამიანს აქვს მცირედ გამოხატული სიმპტომები და მიუხედავად იმისა, რომ ტესტი უარყოფითია, მაინც უმჯობესია, ის დარჩეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ”, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები