პროკურორს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს, დავით შაკიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ამავე თხოვნით მიმართა მოსამართლეს თავად ბრალდებულმაც.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, პროკურორმადავით შაკიაშვილმა ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით.

“ამასთან, პროკურორმა ადვოკატს განუმარტა, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, დავით შაკიაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები