ანრი ოხანაშვილი: შეთანხმების დროს არავის უთქვამს, რომ ვინმე არის პოლიტპატიმარი და ტექსტში რომელიმე გვარი უნდა შეტანილიყო
“არასოდეს დაგვიფიქსირებია პოზიცია, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტპატიმარი”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმების დროს არავის უთქვამს, რომ ვინმე არის პოლიტპატიმარი და ტექსტში რომელიმე გვარი უნდა შეტანილიყო.
„ისეთი მოდელის შეთავაზება შევძელით, რომელიც ემსახურება არა „ქართული ოცნების” ვიწრო ინტერესებს, არამედ – საზოგადოების ინტერესებსა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. არასოდეს დაგვიფიქსირებია პოზიცია, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტპატიმარი. ამაზე საუბარი წარმოუდგენელია მაშინ, როცა პირდაპირ ეთერში ყველამ ნახეთ კადრები იმ პირებისა, ვისზეც ოპოზიცია საუბრობს, თურმე, პოლიტპატიმრები არიან. შეთანხმების დროს არავის უთქვამს, რომ ვინმე არის პოლიტპატიმარი და ტექსტში რომელიმე გვარი უნდა შეტანილიყო. ამის ტირაჟირებას ვინც ცდილობს, ის საზოგადოების მოტყუებასა და შეცდომაში შეყვანას ცდილობს. უნდა შევთანხმდეთ, რომ პოლიტიკური პროცესი წარიმართოს პოლიტიკურ ჭრილში“, – განაცხადა დეპუტატმა.
გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.