მარიამ ოთანაძეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ თანხა გადაურიცხა
22 წლის მარიამ ოთანაძეს, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 207 ლარი გადაურიცხა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ების, სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის რაიონული განყოფილების და სოფლის საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა, თავიანთი სურვილით, ფული შეაგროვეს და მარიამის ანგარიშზე დღეს გადარიცხეს. ამ ჟესტით თანამშრომლებმა მარიამის მიმართ თანადგომა გამოხატეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის გოგოს თირკმელის ქრონიკული დაავადება მე-5 ტერმინალური სტადია დაუდგინდა. მარიამი მკურნალობის კურსს „მაღალ სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრ, საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გადის. მას კვირაში სამჯერ, ხუთი საათის განმავლობაში, დიალეზის გადასხმა უტარდება.