“ხშირად სცემდა, მოკვლით ემუქრებოდა” – ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი 25 წლის ქალის ქირურგიული ოპერაცია დასრულდა.  როგორც „ ევექსის“ კლინიკის დირექტორმა, კახა ხელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„ოპერაცია უკვე დასრულებულია. პაციენტი გადაყვანილია საოპერაციო ბლოკიდან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. იყო მრავლობითი შემავალი ჭრილობები და შემხებლობა ჰქონდა სხვადასხვა ორგანოებთან, მათ შორის იყო გულის ჭრილობა, თუმცა, ოპერაციის მსვლელობის დროს გული ამუშავდა”, –  განაცხადა კახა ხელაძემ.

როგორც “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია, ყოფილი მეუღლეები უკვე 3 წელია, ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.

დაჭრილი ქალის ერთ-ერთი ნათესავის თქმით,  ყოფილი მეუღლე მუდმივად უგზავნიდა მუქარისშემცველ შეტყობინებებს და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

“ერთად ცხოვრების პერიოდში ხშირად სცემდა. მერე რომ გაშორდნენ, მაინც არ ეშვებოდა. თითქმის ყოველდღე უგზავნიდა მესიჯებს და ურეკავდა, რომ მოკლავდა არა მხოლოდ მას, არამედ ჩვენც, მის ნათესავებს. მთელს ნათესავებს გვიგზავნიდა მუქარის მესიჯებს. აი, თუნდაც, დღესაც დილით მე პირადად მივიღე მისგან მუქარის მესიჯი“, –  განაცხადა დაშავებულის ნათესავმა.

შეგახსენებთ, რომ ხაშურში ყოფილმა ქმარმა 25 წლამდე გოგო დაჭრა. ბრალდებული ცხელ კვალზე იქნა დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები