ქეთევან ციხელაშვილი: აფხაზეთის რეგიონში მიმოსვლა მკაცრადაა შეზღუდული, თუმცა იმედი გვაქვს, რომ კრიტიკულ შემთხვევებში მოძრაობის უზრუნველყოფას მოვახერხებთ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცხინვალის რეგიონი, ფაქტობრივად, სრულად იზოლირებულია და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა პუნქტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამოქოლილია.
მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმმა ახალი კორონავირუსის გავრცელების ე.წ. საფრთხე მოიმიზეზა, თუმცა მინისტრი იმედოვნებს, რომ კრიტიკულ შემთხვევებში მოხერხდება მოძრაობის უზრუნველყოფა.
“ძალიან რთულია ამ პირობებში მოსახლეობის დახმარება. რაც შეეხება აფხაზეთის რეგიონს – მიმოსვლა აქაც ძალიან მკაცრად არის შეზღუდული, თუმცა იმედი გვაქვს, რომ კრიტიკულ შემთხვევებში, ეხება განსაკუთრებით პაციენტებს, მოვახერხებთ, რომ მოძრაობა უზრუნველყოფილი იყოს. კორონავირუსთან დაკავშირებით არამხოლოდ საქართველოსთვის, საერთოდ მსოფლიო მასშტაბით არის სერიოზული პრობლემა, პანდემია. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ქართულმა მხარემ არაერთხელ გამოთქვა მზაობა, ჩვენს რეგიონებს ხელი შევუწყოთ მასთან გამკლავებაში. ეს არის არა მხოლოდ სურვილი და სიტყვები, არამედ ეს არის საქმეც“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.