მამუკა არეშიძე: ეს არის კლასიკური კლანური დაპირისპირება, რომელიც დამახასიათებელია აფხაზური პოლიტიკისთვის

“ეს არის კლასიკური კლანური დაპირისპირება, რომელიც არის დამახასიათებელი აფხაზური პოლიტიკისთვის”, – ასე ეხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე.

როგორც არეშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, გამორიცხული არ არის, რომ 22 მარტს დანიშნული ე.წ. არჩევნები გადაიდოს.

„ეს არ არის ბჟანიასა და ხაჯიმბას შორის ბრძოლა. ეს არის კლასიკური კლანური დაპირისპირება, რომელიც არის დამახასიათებელი აფხაზური პოლიტიკისთვის. ამის გაგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კლანური დაპირისპირება განპირობებულია შემდეგი გარემოებით: ეს არის ტრანშები, რომელიც მოდის მოსკოვიდან. ვინც ძალაუფლებაშია, ის აკონტროლებს ამ ტრანშს, აქედან გამომდინარე, თავის წილი ამ ტრანშიდან აქვს. ეს არის მოცემულობა. ასევე, მოცემულობაა ის, რომ ამ ტრანშს მოსკოვიდან თავისი პატრონი მოჰყვება, ანუ იმასაც თავისი წილი მიაქვს. ვირტუალურად რომ წარმოვიდგინოთ, ეს, დაახლოებით, ასე გამოიყურება: ერთ კონკრეტულ კლანს ჰყავს თავისი კონკრეტული ჯგუფი მოსკოვში, რომელიც წილს იღებს ამ ტრანშისაგან, მეორე კლანს – მეორე კონკრეტული ჯგუფი. სხვანაირად რომ ვთქვათ, ბრძოლა მიდის არა მხოლოდ კლანებს შორის, არამედ – მოსკოვის კაბინეტებს შორისაც. ეს განაპირობებს ბრძოლის სიმძაფრეს: ძალაუფლება და ტრანშიდან მიღებული პირადი შემოსავალი.
კიდევ ერთ ნიუანსს დავამატებ: ეს არ არის ბჟანიასა და ხაჯიმბას შორის ბრძოლა, ეს არის ანქვაბსა და ხაჯიმბას შორის ბრძოლა. ანქვაბი არის ის კაცი, ვინც ხაჯიმბამ თავის დროზე კაბინეტიდან გამოაგდო. ახლა ანქვაბმა გამოაგდო ხაჯიმბა მისი კაბინეტიდან. ასე რომ, რევანში შედგა. მაგრამ ანქვაბს არ შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ, რომ ასაკი ხელს არ უწყობს. ასევე, ხელს არ უწყობს ასაკი მოსკოვის მიერ გაზრდილ, აფხაზეთის მომავალ ლიდერ ინალ არძინბას, რომელსაც მოსკოვი პრეზენტირებას უკეთებს ყველა დონეზე. ის არის სურკოვის კადრი და, ობიექტურად, უაღრესად საინტერესო ფიგურა. განათლებითაც, უანრებითაც, გარეგნობითც. მაგრამ მას ასაკი არ უწყობს ხელს. ამიტომ, საჭიროა გარდამავალი ფიგურა. გარდამავალი ფიგურა შეიძლება, ყოფილიყო ან ბჟანია, ან მისი კონკურენტები. მაგრამ აქ უკვე კლანური დაპირსიპირების პრინციპი ჩაერთო. არ ვიცი, ასლან ბჟანია მოწამლეს თუ არა, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ ერთი და იგივე სიმპტომები აღმოაჩნდა ორივე შემთხვევაში, ორივეჯერ მოსკოვიდან იყო ჩამოსული, ორივეჯერ შედეგი დადგა ერთნაირი: კომის მდგომარეობამდე მიიყვანეს. თან აფხაზეთში ძალიან კარგად ახსოვთ, რომ ბაღაფში ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა მოსკოვის კლინიკაში. ასე რომ, აფხაზურ საზოგადოებას ეჭვიანობის საფუძველი აქვს. უკვე ეჭვიანობენ არა მხოლოდ ბჟანიას მხარდამჭერები, არამედ – ისინიც, ვინც შედარებით ნეიტრალურად არიან განწყობილები“, – განაცხადა არეშიძემ.
მისივე თქმით, თუ საზოგადოებას ე.წ. არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პასუხი არ ექნება, ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება.
„სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ ის, რაც გაბედა გუშინ ბგანბამ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არ გაუბედავს არავის რუსებისთვის. სულ მუშტები უბრახუნა გუშინ რუსეთის ელჩს და კატეგორიულად მოსთხოვა, რომ რუსულმა მედიამ, განსაკუთებით სამთავრობო მედიამ, თავი შეიკავოს მოწამვლის ვერსიებისგან, მისცენ საშუალება აფხაზურ საგამოძიებო ორგანოებს, ეს ამბავი რუსეთში გამოიძიონ, რატომ ხდება ასეთი ვერსიების გავრცელება. საერთოდ, ჭკვიანად იყავითო, რუსებს უთხრა. ამაზე გულში, ალბათ, სიცილით მოკვდა რუსეთის ელჩი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, დაეთანხმა, თავის მხრივაც მოსთხოვა, საელჩოს პიკეტირებას აპირებენ ზოგიერთი ძალები და არ გაბედონო.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ე.წ. არჩევნები გადაიდოს იმიტომ, რომ საზოგადოების აღშფოთება ბევრად უფრო მაღალია, როგორც უკვე გითხარით – არა მხოლოდ იმ ხალხის,  ვინც ბჟანიას უჭერს მხარს, არამედ მათიც, ვინც ნეიტრალურია. მათი აღშფოთების მთავარი საგანია ის, რომ რუსეთი ერევა მათ საქმეებში.
თუ პასუხი არ ექნა საზოგადოებას არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, აუცილებლად გამწვავდება ვითარება. იცით, როგორ არის? აფხაზეთში ისეთი სიტუაციაა, საზოგადოებას მიზეზი სჭირდება. მიზეზი იმისა, რომ შექმნილი სიტუაციით გამოწვეული თავისი აღშფოთება აგრესიულად გამოხატონ. თან “გასდით”.  პრეზიდენტის რეზიდენციაში შევარდნა ორჯერ, ბოლო 10 წლის განმავლობაში ასე მარტივად ხომ არ ხდება? ყოველთვის ყველაფერი შერჩათ. კიდევ გააკეთებენ იგივეს, თუ საჭირო გახდა“, – განაცხადა არეშიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი, ასლან ბჟანია სამი დღის წინ მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ე.წ. არჩევნები 22 მარტსაა დანიშნული. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ასლან ბჟანიას შტაბში აცხადებენ, რომ თუ ბჟანია 22 მარტს დაგეგმილ „არჩევნებში“ ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას, შტაბი მისი გადადების საკითხს დააყენებს.
ასლან ბჟანიას მხარდამჭერები გუშინ აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობაში შეიჭრნენ. ისინი მესამე სართულზე ავიდნენ, სადაც ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ვალერიამ ბგანბა მომიტინგეებთან შეხვედრას მართავდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას ასობით მხარდამჭერი ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდა. მათი თქმით, არჩევნებამდე „ქვეყანაში“ საპარლამენტო მმართველობა უნდა დამყარდეს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ ასლან ბჟანია კიდევ ერთხელ მოწამლეს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები