არჩილ თალაკვაძემ და სომხეთის პრემიერმინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ასევე, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ინტენსიურ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობასა და გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტული ვიზიტების რაოდენობა. საუბარი შეეხო კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციასა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და სომხეთის პრემიერმინისტრის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ოკუპაციის პრობლემა იყო. არჩილ თალაკვაძემ ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა სომხეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერისა და საერთაშორისო ფორმატებში დაფიქსირებული პოზიციისთვის.