აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან კორონავირუსის პრევენციისთვის 100 ათასი ლარი გამოიყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის სტრატეგიული მარაგების შევსების მიზნით, 100 ათასი ლარი გამოიყო.
სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, მუნიციპალიტეტის მერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, მოქმედებს კოორდინირებულად საქართველოს მთავრობასთან ერთად.
შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების, პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე კონკრეტული დავალებები მიიღეს, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე  – საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შესახებ.

სადეზინფექციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება და ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს.

პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები რეგიონებში. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარი უწევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები