ზელენსკი – სამშვიდობო შეთანხმებას ხელი, შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს მოეწეროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია უკვე მიემგზავრება შეერთებულ შტატებში, სადაც უახლოეს დღეებში შეხვედრები გაიმართება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან.

„ევროპული პრავდას“ ცნობით, ზელენსკიმ ეს განცხადება ჩეხეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

უკრაინის ლიდერის თქმით, გუნდი აქტიურად მუშაობს ამერიკულ მხარესთან ძირითადი დოკუმენტებისა და შეთანხმებების განსახილველად.

„ამ დღეებში შეერთებულ შტატებში ჩვენი უკრაინელი წარმომადგენლების შეხვედრები დაიგეგმება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ ეს მოლაპარაკებები მომზადებულ დოკუმენტებთან და რუსეთის მიერ მიმდინარე დიპლომატიურ სამუშაოებზე რეაგირებასთან დაკავშირებულ საკითხებს გაარკვევს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა უსაფრთხოების გარანტიებთან და ქვეყნის აღდგენის პაკეტთან დაკავშირებული დოკუმენტების დასრულების აუცილებლობას.

მისივე ვარაუდით, თუ შეთანხმება იქნება მიღწეული, შეთანხმებას შესაძლოა მომავალ კვირას, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს მოეწეროს ხელი.

„საკითხი არ არის ხელმოწერის დაჩქარება. მნიშვნელოვანია, რომ ის ითვალისწინებდეს ყველა იმ ასპექტს, რომელიც განვიხილეთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა უკრაინა ომის შემდეგ „ფეხშიშველი“ არ დარჩეს და რეალური ფინანსური მხარდაჭერა გვქონდეს. სწორედ ამაზე ვმუშაობთ“, – დასძინა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები