უკრაინისა და ამერიკის დელეგაციები 17 იანვარს კონსულტაციებს გამართავენ

უკრაინის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი და საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, 17 იანვარს მაიამიში ამერიკელებს კონსულტაციებისთვის შეხვდება.

„ევროპული სიმართლის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა ოლგა სტეფანიშინამ Facebook-ზე დაწერა.

სტეფანიშინას თქმით, უკრაინული გუნდის აშშ-ში ვიზიტის მიზანია ამერიკელ პარტნიორებთან უკრაინის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტიებზე შეთანხმებების დასრულება.

„როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, ჩვენ ვმუშაობთ ორ ძირითად დოკუმენტზე – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის შესახებ შეთანხმებებზე, რომელთა ჯამური ღირებულება 800 მილიარდ დოლარამდეა და რომელთა ხელმოწერა შესაძლებელია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე“, – განმარტა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები