ირაკლი ჩიქოვანი: ორ ქვეყანას შორის ამგვარი თანამშრომლობით, ასეთი ინტენსიური დინამიკით ჩვენ კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეგვიძლია

“ორ ქვეყანას შორის ამგვარი თანამშრომლობით, ასეთი ინტენსიური დინამიკით ჩვენ კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეგვიძლია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალურ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ორ ქვეყანას შორის საერთო პროექტებზე ისაუბრა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის საპასუხო ვიზიტი იმ ვიზიტისა, რომელიც განახორციელა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ერევანში, რამდენიმე თვის წინ. თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის კვლავაც გააგრძელებს განვითარებას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დღის წესრიგი. რა თქმა უნდა, ამ დღის წესრიგის ნაწილია ის ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან, ის საერთო პროექტები, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობთ და, რა თქმა უნდა, გვაქვს კონკრეტული გეგმები. სომხეთის პრემიერმინისტრის დელეგაციის შემადგენლობაც კი ცხადჰყოფს, თუ რაოდენ ფართოა სპექტრი იმ საკითხებისა, რომელზეც ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, სამუშაო შეხვედრა, რომელიც პრემიერმინისტრთან შედგა, იყო ძალიან ნაყოფიერი, კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული და თითოეულ თემატიკასთან მიმართებით კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ან შესაბამისი დავალებები გაიცა.

„ორ ქვეყანას შორის ამგვარი თანამშრომლობით, ასეთი ინტენსიური დინამიკით ჩვენ კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეგვიძლია, რამაც უფრო მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური კეთილდღეობა უნდა მოიტანოს”, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები