გიორგი გახარია ფაშინიანთან შეხვედრაზე: დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ დონეზე გადაყვანას
“ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, შევეხეთ თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს – უსაფრთხოებას, ეკონომიკას, კულტურას, განათლებას და დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ სომეხ კოლეგასთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის მრავალწლიან ისტორიას და აღნიშნა, რომ მხარეებმა ეფექტური თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ.
„დიდ მადლობას გიხდით ერევანში ჩვენი მასპინძლობისთვის. ჩვენ ამ ვიზიტის შედეგებზე დღეს უკვე ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, თქვენი დღევანდელი ვიზიტიც იქნება კიდევ უფრო ეფექტური, რომ ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ მეტად განვითარებული როგორც ეკონომიკური, ისე – უსაფრთხოების თვალსაზრისით და ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროში. საქართველოს მხარემ ხაზი გაუსვა საკითხს, რომ ჩვენს რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკის, ისე – განათლებისა და კულტურის სფეროებში განვითარებისთვის. აღვნიშნეთ, რომ საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ მიმართულებით ქვეყანა ურყევ გზას ადგას. შესაბამისად, შევთანხმდით, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის, საგარეო ორიენტაციის მიუხედავად, შეუძლებელია, იყოს რაიმე გაუგებრობა ან გაურკვევლობა და ჩვენ მეგობრულ, კეთილმეზობლურ ჭრილში ვაგრძელებთ თანამშრომლობას. თუმცა, ხაზი გავუსვით, რომ ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიზაციის ხარისხი ხელს უწყობს თანამშრომლობას ყველა სფეროში – ეკონომიკაში, ტრანზიტში, კულტურაში, განათლებაში და ა.შ. „, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ საუბრისას პოზიტიურად შეფასდა სომხეთის აქტიური თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„მივიჩნევთ, რომ ეს ის მიმართულებაა, სადაც ჩვენმა ქვეყნებმა ეფექტურად უნდა ითანამშრომლონ. ბატონო პრემიერმინისტრო, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით იმ ვიზიტისთვის, რომელიც ქართულმა მხარემ განახორციელა ერევანში. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება თბილისში. დარწმუნებული ვარ, ამ ორ დღეს ჩვენ გამოვიყენებთ ეფექტურად, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.