შუახევის მერიაში კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტში ამ კუთხით არსებული ვითარება და პრევენციული ზომები განიხილეს. ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით მუნიციპალიტეტში დეზინფექციის პროცედურები დღეიდან აქტიურად დაიწყება.
საჯარო სკოლებში და ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება. სამგზავრო ტრანსპორტი, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სპეციალური ხსნარებით დამუშავდება. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებები დროებით გაუქმდა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.