ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკული საშუალების რეალიზებისთვის სიკვდილით დასჯიან – კანონი ძალაში გუშინ შევიდა
ოკუპირებული აფხაზეთში ნარკოტიკული საშუალების რეალიზებაზე სასჯელი გამკაცრდა, კანონი ძალაში 1-ლი მარტიდან შევიდა. კანონის მიხედვით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზებისთვის, პირს სამუდამო პატიმრობა, ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.
ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის „ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის“ წევრმა დიმიტრი დბარმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.
თავდაპირველად, კანონის ძალაში შესვლა 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა სამი თვით გადაიდო.
„აღნიშნული იმის გამო მოხდა, რომ მინისტრთა კაბინეტს დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცნებების განსაზღვრა დაევალა, რომ შესწორებაში ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები არ მოხვედრილიყვნენ, არამედ მხოლოდ მისი გამავრცელებლები“, – აღნიშნა დბარმა.
ძალაში შესული კანონი ითვალისწინებს:
-უკანონო წარმოება, გადამუშავება, მომზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, რეალიზების მიზნით გადაგზავნა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან 12 წლამდე და ჯარიმას 300 000-დან 600 000 ათასამდე რუბლის ოდენობით;
-განსაკუთრებით დიდი ოდენობა – თავისუფლების აღკვეთა, ვადით, თორმეტიდან თხუთმეტი წლამდე, ჯარიმა 600 000 ათასიდან 1 200 000 რუსული რუბლის ოდენობით, ანდა სამუდამო პატიმრობით, თუ სიკვდილით დასჯა.
-ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეტანა, ტრანსპორტირება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე და ჯარიმით 300 000 -დან 600 000 რუსული რუბლის ოდენობით;
-განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება – სამუდამო პატიმრობა, ან სიკვდილით დასჯა და ქონების კონფისკაცია.
დბარის თქმით, კანონპროექტში შევა ცვლილება, რომელიც ქალებსა და არასრულწლოვნებს შეეხება, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების რეალიზებაში არიან ბრალდებული, ასევე იმ პირტათვის, რომლებიც გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.
მისი ინფორმაციით, ქალებზე სამუდამო პატიმრობა არ ვრცელდება, მათ მხოლოდ 15 წლიან პატიმრობას მიუსჯიან, არასრულწლოვნებს კი, 7 წლით თავისუფლების აღკვეთას, ამასთან ქალებს და არასრუწლოვნებს პირობითი-ვადამდელი გათავისუფლების შესაძლებლობა არ ექნებათ.