კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ თელავში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ვინაიდან პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ბუნებრივი კატასტროფების მიმართ ადგილობრივი თემებისა და დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობათა გაძლიერებაა.
შეხვედრა საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში გაიმართა. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით ქვეყანაში დაგეგმილია ეროვნულ დონეზე მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება.
შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორმა გახსნა, რომელმაც პროექტის მიზნებზე და ადგილობრივი თემების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით.
საინფორმაციო შეხვედრები ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მოწყვლად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტების, ადგილობრივი არასამთავრობო, თემზე დაფუძნებული ორგანიზაციების, მედიის და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე მოსწავლეები და სტუდენტები.
პროექტი 2019 წელს დაიწყო და 7 წლის განმავლობაში განხორციელდება.