ხატია წილოსანი მევენახეთა კონფერენციას დაესწრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მევენახეთა რიგით მეორე კონფერენციას დაესწრო. შეკრებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 300-მდე მევენახე მონაწილეობდა. უწყების ინფორმაციით, კონფერენცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიცირებით გაიმართა და მისი მიზანი მევენახეობაში არსებული პრობლემების განხილვა და გადაჭრის გზების მოძიებაა. მინისტრის მოადგილემ შეკრების მონაწილეებს მიმართა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი ის ინიციატივები გააცნო, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოების საწინდარი უნდა გახდეს.
“საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, აქვს ამბიცია აწარმოებდეს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. ამის საწინდარია ქართული ვაზი და ჯიშების ის მრავალფეროვნება, რომლებიც მეღვინეობის 8-ათასწლიანი უწყვეტი ტრადიციის მანძილზე შეიქმნა. ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც განაპირობებენ დარგის განვითარებას”,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
​მან ყურადღება სარგავი მასალის სერტიფიცირების ახალ სისტემაზეც გაამახვილა, რაც საფუძველი უნდა გახდეს მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის. ხატია წილოსანი მევენახეებს იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც დარგის გაჯანსაღებასა და განვითარებას ემსახურება. კერძოდ, ესენია აგროდაზღვევის სისტემა, ვენახების კადასტრის პროგრამა, ღვინის ხარისხის ლაბორატორიული კვლევა და სხვა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ მიმართა, რომლის თქმითაც, სწორედ ვენახი არის ერთი-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის. მეხუზლას განცხადებით, ამის მისაღწევად, აუცილებელია დარგში თანამედროვე განათლებისა და ტექნოლოგიების დანერგვა. კონფერენციაზე დავით სონღულაშვილმა ასევე დააანონსა, რომ მომავალ წელს კახეთის რეგიონში “კახეთის ექსპო” ჩატარდება, რაც კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიება და მეტი შესაძლებლობების მომცემი იქნება ფერმერებისთვის. კონფერენცია ორ პანელად გაიმართა და მასზე მომხსენებლებმა ჯიშების მრავალფეროვნებაზე, კადასტრის პროგრამაზე, ბიომევენახეობაზე, ღვინის მარკეტინგზე, აგროდაზღვევაზე, მცირე ბიზნესის ხელშემწყობ პროექტებზე ისაუბრეს. კონფერენციაზე ასევე გაიმართა ქვევრის გახსნის ცერემონია, მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენა და ღვინის დეგუსტაცია. ღონისძიებაზე კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ხატია წილოსანს, დავით სონღულაშვილს და ლევან მეხუზლას სიმბოლური საჩუქრების გადასცა, კერძოდ, ცენტრში დაცული ვაზთან და ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უნიკალური ხელნაწერების ასლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები