მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარდგენილ პროგრამებსა და აქტივობებს პირადად გაეცნო, – ამის შესახებ “კვირას” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოფენაში წელს პირველად იღებს მონაწილეობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ორი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების შესახებ,  ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში, ასევე, გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია უნივერსიტეტში მათთვის სასურველ პროგრამებზე.

„მინდა მივულოცო სრულიად საზოგადოებას ის ფაქტი, რომ ახალი სასწავლო წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. ეს უნივერსიტეტი იქნება უნიკალური, ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო ჰაბი რეგიონში.

ამ მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ დაფუძნდებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ძალიან მნიშვნელოვანი ქველმოქმედება ამ საშვილიშვილო პროექტში. მოგეხსენებათ, „ქართუ“ ფონდმა ამ პროექტში  1 მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელა.

მინდა განსაკუთრებით გამოვყო ის გარემოება, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის აკადემიური პროგრამები მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად არის შემუშავებული. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ  უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც ასევე მთლიანად არის დაფინანსებული „ქართუ“ ფონდის მიერ. აქ წარიმართება სიმსივნის სამკურნალო და სამეცნიერო კვლევითი პროცესი, როგორც მედიცინის, ასევე სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული თერაპიის ცენტრს უკვე მრავალი ცნობილი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს – წამყვანი უნივერსიტეტებისა და მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ცენტრების სახით“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები