“ევროპული საქართველოს” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან ელენე ხოშტარია მივიდა

ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია “ევროპული საქართველოს” ოფისთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა.

ხოშტარიას თქმით, ის პოლიტიკოსია და ვალდებულია ყველას პროტესტი მოისმინოს.

“არაგულწრფელი ბოდიში რომ მოვიხადო ხომ ყალბი იქნება. პროტესტს გავაგრძლებ. პოლიტიკოსი ვარ და ვალდებული ვარ ყველას პროტესტი მოვისმინო. საუბრის პრობლემა არ მაქვს”, – აღნიშნა ხოშტარიამ.

თავის მხრივ აქციის მონაწილეებმა, ხოშტარიას უსაყვედურეს იმის გამო, რომ მათ “ქართული ოცნებისგან” მართული უწოდა.

ახალგაზრდებმა ელენე ხოშტარიას კითხვებით მიმართეს, მათ შორის აინტერესებდათ, მორალურად გამართლებულად მიაჩნია თუ არა მას ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გააჟღერა.

“საქართველოს პარლამენტში ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში უნდა მომხდარიყო თუ არა საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება? თქვენგან ეს სწორი ქმედება იყო?!”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა წევრმა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხვალ “ევროპული საქართველოს” ოფისში 16:00 საათზე გაიმართება შეხვედრა და ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე იმსჯელებენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, შეხვედრაზე დაახლოებით 6-7 სტუდენტი მივა და ელენე ხოშტარიას კითხვებს დაუსვამენ.

“ევროპული საქართველოს” ოფისთან მეცხრე დღეა მოითხოვენ, რომ ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საპარლამენტო მანდატები დატოვონ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები