დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ სკოლის მოსწავლეს პატიმრობა შეეფარდა
ბებიისა და დედის მკვლელობაში ბრალდებულ სკოლის მოსწავლეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაცვის მხარეც დაეთანხმა.
დაკავებულის ადვოკატის, თამარ გაჩეჩილაძის თქმით, გამოსაკვლევია ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე მ.ზ.-მ ბებია და დედა ნაჯახით მოკლა.
მ.ზ.-ს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მას ბრალი 11-109-მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ოჯახის წევრების განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რომელიც წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართაა ჩადენილი.