გია გაჩეჩილაძე: ქვეყანაში ნორმალური სიტუაციაა, არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის
ალბათ საუბარი საარჩევნო სისტემაზე იქნებოდა, რომ კარგი იქნება თუ მხარეები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოილაპარაკებენ, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძე გუშინ აშშ-ის საელჩოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ სადილს.
გაჩეჩილაძის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსესუსი თუ ვერ შედგა, არჩევნები არსებული კანონმდებლობით ჩატარდება.
“ალბათ საუბარი საარჩევნო სისტემაზე იქნებოდა, რომ კარგი იქნება თუ მხარეები მოილაპარაკებენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ქვეყანაში ნორმალური სიტუაციაა, არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის. თუ მოლაპარაკება მოხდება კარგი იქნება, ხოლო თუ კონსესუსი ვერ შედგა, მაშინ არჩევნები ჩატარდება იმ დემოკრატიული კანონმდებლობით, რომელიც დღეს მოქმედებს”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა ვახშამი გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ შეხვედრა არაფორმალური ხასიათის იყო.