მიხეილ ჩხენკელმა ქართველ კალათბურთელებს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს შეხვდა და 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყება მიულოცა.

როგორც “კვირას” განათლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, მწვრთნელები და ფედერაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

გუნდმა თბილისში შვეიცარია, ხოლო ბელგრადში მსოფლიო გრანდი – სერბეთის ნაკრები დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

კალათბურთელებთან შეხვედრაზე, მინისტრმა 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძლობასა და ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის საკითხზე ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სპორტული კომპლექსის გახსნის შემდეგ, დედაქალაქში შეიქმნება ახალი საკალათბურთო კერა, რომლის მთავარი ნაწილი 10 000 გულშემატკივარზე გათვლილი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი იქნება.

მინისტრი სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებასაც შეეხო. ჩხენკელის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და მასობრივი სპორტის განვითარებაში წარმატებული სპორტსმენების წვლილი განსაკუთრებით მნიშნელოვანია. მინისტრმა გამოთქვა ინიციატივა, რომ სახელოვანი სპორტსმენები, მათ შორის კალათბურთელები უფრო აქტიურად ჩაერთონ სამოყვარულო სპორტის განვითარების პროცესში.

„პირველ რიგში გილოცავთ ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყებას! შვეიცარიის ნაკრების დამარცხებითა და მსოფლიო კალათბურთის გრანდთან – სერბეთთან გამარჯვებით ქართველ გულშემატკივრებს უდიდესი სიხარული მოგვანიჭეთ. მოუთმენლად ველით ევროპის ჩემპიონატის დაწყებას, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს. სპორტის სასახლე, რომლის მშენებლობაც აქტიურ ფაზაშია, გააჩენს ახალ საკალათბურთო კერას. ბუნებრივია, ევრობასკეტის შემდეგ, ეს კერა სპორტული თვალსაზრისით დატვირთული უნდა იყოს. სპორტული კომპლექსის მომავალს მასობრივი სპორტის განვითარებას ვუკავშირებთ. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშნელოვანია სპორტსმენების ჩართულობა, რათა ახალგაზრდა თაობას შევაყვაროთ სპორტი და აქტიურად დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები