WHO: კორონავირუსი უამრავი ქვეყნის კარებზე აკაკუნებს
კორონავირუს COVID-19-ის აფეთქება უამრავ ქვეყანას ემუქრება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, კრისტიან ლინდმაიერმა, ჟენევაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვირუსი უამრავი ქვეყნის “კარებზე თითქმის აკაკუნებს” და ჩინეთის ფარგლებს გარეთ უკვე დიდი პრობლემები შექმნა.
“ახლა ვხედავთ მოვლენების იმ სცენარით განვითარებას, რაზეც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვსაუბრობდით და ვაფრთხილებდით ყველას, რომ ქვეყნები უნდა იყვნენ მზად, რომ ვირუსი მათ კარზე დააკაკუნებს. სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს მზად, უნდა ჰქონდეს გავლილი ტრეინინგი და მოსახლეობის დასაცავად ზომები უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა ლინდმაიერმა.
მისივე თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები, უახლოეს დროში, რომში სპეციალურ შეხვედრას გამართავენ, რომელზეც ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქების საკითხს განიხილავენ.