“ბიძინა ივანიშვილისთვის გახარია არის მარადონა’’

„დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა“, – ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გაზაფხულზე დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებზე განახლებული შემადგენლობით წარდგება. ასევე, განახლდება მმართველი გუნდის საარჩევნო სია. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ერთ-ერთი ვერსიით ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩაიბარებს.

არაოფიციალური განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბრუნდება. მინისტრთა კაბინეტს ტოვებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ათეულში იქნება და პოლიტიკურ მოღვაწოებას უკვე პარლამენტში გააგრძელებს. ამასთან, საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, რომ თანამდებობის დატოვება მოუწვეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნი, კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში, ამ ეტაპზე არანაირ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ არის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, ჰყავს მთავრობა, რომელიც მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში.

„არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი გუნდში, თუ რაიმე იქნება ცვლილებებთან დაკავშირებით, თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც. ჩვენ გვყავს პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც არის ძლიერი პრემიერ-მინისტრი. მთავრობაში ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ტრადიციულად, მოსალოდნელ საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია არ აქვს არჩილ თალაკვაძეს, რომლის განცხადებით, გაზაფხული ერთ კვირაში დადგება და ჟურნალისტებს თავად შეგვეძლება დავაკვირდეთ მოვლენებს.

„გაზაფხული აუცილებლად იქნება ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული, ისევე როგორც წინა გაზაფხული. ოდესღაც, რომელიღაც გაზაფხულზე, ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ამ გაზაფხულის მოსვლამდე არის ერთი კვირა დარჩენილი. საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება გააგრძელებს სტაბილურად საქმიანობას და ჩვენ ვემზადებით 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„გაზაფხულს დაველოდოთო გახარიამ რომ ბრძანა, ალბათ, გულისხმობდა რომ გაზაფხულზე ია აყვავდება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა, რომელმაც არ იცის იქნება თუ არა 2020-ის საპარლამენტო სიაში.

„რომ გითხრათ სიმართლე, მაინც არ დაიჯერებთ. იმიტომ რომ დღეს მედია სივრცე არის ორიენტირებული ყველაფერ იმაზე, რაც არ არის სიმართლე. რამდენიმე მედიასაშუალებას ბოდიშს ვუხდი, მათ ეს არ ეხებათ. მაგრამ რაც შეეხება სიმართლეს, რასაც თქვენ, რა თქმა უნდა, არ გააშუქებთ და არ დაიჯერებთ, არის ის, რომ მე არ ვიცი, ვიქნები თუ არა სიაში, ეს არის სიმართლე. მე არ ვიცი სამინისტროში ვიქნები, თუ სახლში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საკადრო ცვლილებაზე კომენტარს არ აკეთებს მმართველი გუნდი. განსხვავებულია ანალიტიკოსების შეფასებები, რომლებიც საეჭვოდ მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებაზე დათანხმდეს, რადგან, კულუარული მართვის მოდელი იმდენად კომფორტულია, რომ წარმოუდგენელია ამაზე უარი თქვას.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, ამდაგვარი კარუსელი მომგებიანი არ უნდა იყოს მმართველი გუნდისთვის, რადგან პრემიერის შეცვლა იქნება არსებითი ცვლილება, ადამიანებს გაუჩნდებათ იმის განცდა, რომ ხელისუფლება რაღაცას ვერ აკეთებს. მისი თქმით, თუ ლაპარაკია იმაზე, რომ არაფორმალური მმართველობა უნდა დასრულდეს, ამაზე არჩევნების შემდეგ უნდა იფიქრონ.

„ვინაიდან ლაპარაკია აღმასრულებელი ხელისუფლების განახლებაზე, რომელიც ტალღებად მეორდება და ხშირია, მეეჭვება, რომ არჩევნების წინ მომგებიანი იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების განახლება. არის სიტუაცია, როდესაც იგივე შემადგენლობით უნდა გაიარო რთული მომენტი, რადგან ახალ შემადგენლობას თუ დააყენებ, მაშინ ძნელი გასაგები არ არის, რომ არჩევნებისთვის მწამგებიანი ნაბიჯი იქნება, ამომრჩეველს გაუჩნდება აზრი, რომ ხელისფლებას ცუდად ჰქონდა კადრებში საქმე. ჩემთვის გაუგებარია, რაში სჭირდებათ საარჩევნოდ ასეთი ცვლილება.

რაც შეეხება საპარლამენტო სიის განახლებას, ძალიან ფრთხილად, სტრატეგიულად და საფუძვლიანად არის გასაკეთებელი, ბევრი რამის გათვალისწინებით, ვინაიდან ბევრს მათგანს საერთოდ არ იცნობს ამომრჩეველი. ამიტომ, როგორი სახეებით დაკოპლექტდება ჯგუფი, აქ ნამდვილად არის სამუშაო, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებით თუ დაფიქრდებიან, უმჯობესი იქნება“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხალხს მოთხოვნა აქვს პოლიტიკის და არა პიროვნებების ცვლილებაზე, რამდენად მომგებიანი იქნება ხელისუფლებითვის საკადრო ცვლილება არჩევნების წინ? პოლიტიკური ექსპერტს, გელა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ თუ სიის განახლებას მიებმება საკადრო ცვლილებები, ეს გაჯანსაღებისკენ იქნება მიმართული, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, შიგნით როგორი რესურსი აქვს „ქართულ ოცნებას“.

„თუ „ქართული ოცნება“ გრძნობს, რომ შესაცვლელია და ამისთვის საკადრო ცვლილებები სჭირდება, მაშინ ეს ცვლილებები უნდა გაატაროს. მაგრამ საკადრო ცვლილები თვითმიზანი ხომ არ არის? – საკადრო ცვლილებები კეთდება სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ამიტომ, თუ ამის საჭიროებას დაინახავენ, ალბათ, უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის დრო საიმისოდ, რომ მოიფიქრონ საბოლოოდ რომელი გუნდით ჩაატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნებს. ვგულისხმობ როგორც სამთავრობოს, ასევე საპარლამენტოს და პარტიულ გუნდს – როგორ გადაწყდება, ვინ იქნება ლიდერშიპი? ვინ იქნება აღმასრულებელ სტრუქტურებში და ვინ იმუშავებს პარტიაში? ამის მიხედვით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. საკადრო ცვლილება უნდა გამომდინარეობდეს იქიდან, რა შედეგს მოიტანს და შედეგისთვის როგორ აჯობებს. თუკი მთავრობა უნდა შეიცვალოს იმიტომ, რომ ეს მოიტანს დადებით ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები უნდა ჩატარდეს, მაგრამ ცვლილებები, ცვლილებებისთვის არ უნდა მოხდეს“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გელა კვარაცხელიამ.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის შეფასებით, ცვლილება შეილება იყოს წარმატებული და წარუმატებელიც, რადგან მთავარია არა საკადრო ცვლილება, არამედ როგორი იქნება, რა რეაქციას გამოიწვევს მოსახლეობაში და რამდენად იქნება ახალი ელექტორალური რესურსის მომზიდავი. რაც შეეხება პერსონალიებს, მანჯავიძე ფიქრობს, რომ ნაადრევია პროგნოზის გაკეთება, თუმცა მიაჩნია, რომ არჩვენების წინ სარისკოა ასეთი გადანაცვლელები, ვინაიდან შეიცავს გარკვეული განხეთქილების რისკს, რასაც პოლიტიკური ძალა აუცილებლად უნდა ითვალისწინებდნენ.

„პრემიერ-მინისტრების ხშირი ცვლა ნიშნავს, რომ რაღაცა ისეთი ტიპის პრობლემებია, რომელიც მოითხოვს, რომ პრემიერები ასეთი სისწრაფით მიდიოდნენ და მოდიოდნენ. ამას მთელი რიგი უარყოფითი გავლენები მოჰყვება ხოლმე – არასტაბილურობის განცდა და ა.შ. ყველა ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ იწყება გარკვეული საკადრო ცვლილებები, რაც სახელმწიფო აპარატში და მოსახლეობაში აჩენს არასტაბილურობის განცდას. ამიტომ, პრემიერ-მინისტრის ცვლილებას ვერ მივიჩნევდი დადებით მოვლენად. მით უმეტეს, რომ მოსახლეობის გარკვეულ ფენებში გახარიას მიმართ არსებობს ძალიან გამოხატული სიმპათიები, ესეც გასათვალისწინებელი უნდა იყოს, მით უმეტეს არჩევნების წინ. ასევე გააჩნია, ვინ იქნება მისი შემცვლელი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გახარიას არც არაფერი დასცალდა. ცხადია მისი ცვლილება გამოიწვევს იმ ბრალდებების მწვავედ დაყენებას, რომელიც აქამდე ჟღერდებოდა, კერძოდ ჩრდილოვანი მმართველობის შესახებ. გაუგებარია რატომ უნდა მიდიოდნენ ასეთი სისწრაფით პრემიერები, რომლებიც პირველი პირები არიან ამ ქვეყანაში? წესით მმართველ გუნდს ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა აწყობდეს“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ფიქრობს, რომ განახლება ეს არის პოლიტიკური ტექნოლოგიის ნაწილი, რომელიც თუ სწორად არის გაკეთებული, ტექნოლოგიურად ხელს უწყობს იმ გუნდის პოზიციებს. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად აქვს იმის საჭიროება, რომ გააახლოს გუნდი.

„თავის დროზე, როდესაც „ოცნებამ“ მოიგო არჩევნები, ლიბერალურმა წრეებმა კოალიციის სახით თავს მოახვიეს სოროსის სკოლაგამოვლილი ხალხი. ასევე 2016 წელსაც ლიბერალები და სოროსის ბიზნესპარტნიორები იყვნენ კოალიციაში. დღეს, მთელს მსოფლიოში იცვლება ეს სიტუაცია, ლიბერალების და გლობალისტების წინააღმდეგ მიდის აქტიური დაპირისპირება. საქართველოშიც დაწყებულია ეს პროცესი.

ამიტომ, თუ „ოცნება“ აპირებს განახლებას, პირველ რიგში, ეს უნდა იყოს იდეოლოგიურ საფუძველზე განახლება, მან უნდა ჩამოიშოროს ის ლიბერალები, რომლებიც პირდაპირ ვთქვათ, რომ მოსახლეობაში არ არიან პოპულარულები. ასევე, გადახედილი უნდა იქნას ლიბერალური დღის წესრიგი, რომელიც თავს მოახვიეს და მიაღებინეს კანონების სახით, თუ ამას გააკეთებს, ეს უდავოდ გააძლიერებს „ქართული ოცნების“ პოზიციებს საპარლამენტო არჩევნებისთვის და შემდგომშიც“, – ამბობს ირაკლი გოგავა.

პოლიტოლოგი არ ფიქრობს, რომ რადიკალური ცვლილებები უნდა შეეხოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაგრამ რაც შეეხება საპარლამენტო შემადგენლობას, გოგავას შეფასებით, გასატარებელია სერიოზული ცვლილებები, ვინაიდან არ გამოხატავენ მოსახლოეობის უმრავლესობის პოზიციას.

„რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების გადაჯგუფებას, მეტ-ნაკლებად, სანდო კვლევები რომელიც ნანახი მაქვს, გახარია პოპულარულია, არ აღიქმება ლიბერალად. თუ გახსოვთ, ასეთივე მიმართება იყო ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. კვირიკაშვილის და თუნდაც ბახტაძის ფონზე, ბიძინა ივანიშვილისთვის გახარია არის მარადონა. ამიტომ იდეოლოგიის ცვლილების გარეშე, ცვლილებებს აზრი არ აქვს.

თუ ივანიშვილი ჩაუდგება სათავეში „ოცნების“ მთავრობას, ვფიქრობ, რომ ეს, უფრო, არჩევნების მერე უნდა მოხდეს. ვიცი, როგორი განწყობაა სამეგრელოში, საკმაოდ პოპულარულია გახარია, მისი შეცვლით ამხელა რეგიონის განაწყენება, მით უმეტეს არჩევნების წინ, არ უნდა იყოს მომგებიანი. მეორეც, პრინციპში გახარიას არ აქვს რეალური პოლიტიკის გატარების საშუალება, ვინაიდან ქვეყანაში იქმნება დაძაბული რეჟიმი ლიბერალური მასმედიის და მარგინალური პოლიტიკური ჯგუფების მიერ. ამიტომ, გახარიას შეფასება ამ კუთხით რთულია, რადგან ფორსმაჟორში უწევს მუშაობა“, – განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.

წყარო:https://for.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები