ეკატერინე მიქაბაძე: ეკოინოვაციების და რესურეფექტური და სუფთა წარმოების განვითარება საშუალებას მოგცემს, გვქონდეს ეკონომიკური განვითარების მდგრადი მოდელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ სამუშაო შეხვედრაში „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში” მონაწილეობა მიიღო. შეხვედრა პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის” (EU4Environment) ფარგლებში გაიმართა.
ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა ეკოინოვაციები წარმოებაში და რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საქართველოს საწარმოებში.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ნაყოფიერად თანამშრომლობს პროგრამასთან „ევროკავშირი გარემოსათვის” მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის კუთხით.
„ეკოინოვაციების და რესურეფექტური და სუფთა წარმოების განვითარება საშუალებას მოგცემს გვქონდეს ეკონომიკური განვითარების მდგრადი მოდელი. მწვანე ეკონომიკის განვითარება ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას და შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედების რისკებს. მან უნდა დააჩქაროს სუფთა წარმოების და მოხმარების პრაქტიკის დანერგვა, მოიზიდოს მწვანე ინვესტიციები და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები”, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ეკატერინე მიქაბაძემ გამოყო მწვანე ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა განახლებადი ენერგიების ათვისება, მწვანე შენობები, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი და სხვ. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს ევროკავშირის ენერგო ეფექტურობის დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანისთვის. ენერგოეფექტურობის კანონმდებლობა მოიცავს სამ მნიშვნელოვან კანონს, ესაა: კანონი ელექტრო მოწყობილობების ეტიკეტირების შესახებ; კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ და ე.წ. ჩარჩო-კანონი ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით – კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სამრეწველო საწარმოებისთვის ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებული ღონისძიებების სრულად ამოქმედება 2023 წლიდან იგეგმება. მისი თქმით, ყოველივე ამის შედეგად, ქართულ საწარმოებს გარკვეულ ვალდებულებებთან ერთად დიდი შესაძლებლობებიც მიეცემათ რეალურად დანერგონ და განახორციელონ რესურს ეფექტური და სუფთა წარმოება, ხოლო ამის შედეგად, აამაღლონ საქონლის კონკურენტუნარიანობა და გაზარდონ საკუთარი შემოსავლები.
სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, აგრეთვე ევროკავშირის, გაეროს, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.