ესმა ონიანის „მეწამულისფერი სამყარო“

28 თებერვალს, 19 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში  სოლოგამოფენა – „სხვა ესმა“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა ცნობილი ფერმწერის, გრაფიკოსის, პოეტისა და ესეისტის – ესმა ონიანის (1938-1999) შემოქმედებას განსხვავებულ ჭრილს ასახავს.
გამოფენის მიმდინარეობისას ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი კიდევ ორ საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს.
4 მარტს, 19 საათზე, მსახიობი ნინო კასრაძე ისაუბრებს ესმა ონიანის შესახებ.
15 მარტს, 14 საათზე კი, ხელოვნებათმცოდნე – კონსტანტინე ბოლქვაძე ჩაატარებს ლექციას ესმა ონიანის შემოქმედებაზე.
ესმა ონიანი დაიბადა 1938 წლის 20 ივლისს თბილისში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. მისი ინდივიდუალური სტილისა და ფერწერული ნიჭიერების მიმართ ყოველთვის იყო დიდი ინტერესი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა, როგორც ხშირად ხდება, ესმა ონიანის შემოქმედების ნამდვილი ფასეულობა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ აღიარეს. მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში მხოლოდ მისი გარდაცვალების წლისთავზე გაიხსნა.
ესმა ონიანი 1999 წლის 31 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა.

გამოფენის კონცეფცია

გამოფენაზე ხელოვანის პორტრეტიზაცია მოხდება უცნობი და რარიტეტული ნამუშევრების წარმოჩენით, როგორც მუზეუმის, ისე კერძო კოლექციებიდან. ექსპოზიცია ესმა ონიანის ხელეწერისთვის დამახასიათებელ მრავალშრიან „მეწამულისფერ სამყაროს“ გააცოცხლებს, და არა მხოლოდ მას. სხვადასხვა შემოქმედებით ეტაპზე შექმნილი ნამუშევრები, პირადი ნივთები, წერილები, ამონარიდები მისივე პოეზიიდან, დოკუმენტური ფილმი არტისტის შესახებ და ნახატების ახალი კატალოგი კომპლექსურად ქმნის ესმა ონიანის განსხვავებულ რაკურსს.
ესმა ონიანის შემოქმედება ერთგვარად აგრძელებს რენესანსულ პერიოდში დამკვიდრებულ ცნებას -„უნივერსალური ადამიანი“, იგივე „პოლიმათი“. სამყაროს მოდელირება ფერებსა და ხაზში პოეტურ-ლინგვისტურ ერთეულებში გამოიხატება. ესმას სინამდვილე და ზოგადსაკაცობრიო პრობლემების სიღრმისეული წვდომა თანაბრად ვლინდება – ესეისტიკაში, პოეზიაში, ფერწერასა და გრაფიკაში. ლინგვისტური და ვიზუალური კატეგორიები თანამიმდევრულად ასაზრდოებს ერთმანეთს. თუ ესმას მთელ შემოქმედებას ერთიან კონტექსტში შევხედავთ, ხელოვანის სიტყვას უფრო კარგად დავინახავთ ფერში, ხოლო ფერს მოვისმენთ სიტყვაში. გამოხატულ ოსტატობას, უნივერსალურობას და სინამდვილეს განაპირობებს შემდეგი აქცენტები: სამყაროს წინაშე ღიაობა, რაციონალურ-ირაციონალური იმპულსები, შემოქმედებითი გახსნილობა, მისი თანამედროვე მხატვრებისგან იზოლირება, ასევე – თავდაცვა საბჭოთა იდეოლოგიისგან.
ესმას გრაფიკული ნამუშევრები, ისევე, როგორც ფერწერა ქართული საბჭოთა მხატვრებისა და ხელოვნების მიღმაა.
მეწამულისფერი საღებავი მისთვის თვითგამოხატვის უმთავრესი იარაღია და ეს ფერი რეალურად საბჭოთა – დათბობის პერიოდის იდეოლოგიის წყალგამყოფია.
ესმა ონიანი თავისი გარემოთი წარმოაჩენს ახალ ქართულ რეალობას, სოციუმს და ახლებურად გადააზრებულ ქართულ კულტურულ პარადგიმებს. ფერწერაც და გრაფიკაც იდენტურად მეტყველებს ესმას ოსტატობასა და მხატვრულ სამყაროზე; გრაფიკული ნამუშევრები ტილოებზე გამოსახული სამყაროს კონკრეტული აქცენტები თუ ქარგებია.
იგი ერთ-ერთი პირველი მხატვარია, რომელმაც იდეოლოგია, რეჟიმი თავისუფალი ადამიანებით შეცვალა. წარმოსახვითი სამყარო, მისი თანამედროვე მხატვრებისგან განსხვავებით, ყოფითი სცენებით ჩაანაცვლა. ამ ფორმამ მისი ხელწერა უფრო ნამდვილი და, ამავე დროს, მითოლოგიური გახადა, რაღაც უფრო დიდი, ვიდრე პოლიტიკური ძალაუფლებით დახშული ხელოვნება.
გამოფენის ნახვას დამთვალიერებელი 15 მარტის ჩათვლით შეძლებს.
გამოფენის კურატორია – კონსტანტინე ბოლქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები