კახა კუჭავა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს და კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს, ანდერს კნაპეს და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მართველობის კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა.

კახა კუჭავამ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს მიმდინარე საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი საკითხები გააცნო. „სტუმრები დაინტერესდნენ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებით, რომელიც პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაამტკიცოს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებული და შეთანხმებულია ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან. ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს, ასევე გავაცანი სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და სხვა მიმდინარე საკითხები”, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს წარმომადგენლები პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების საკითხითაც დაინტერესდნენ, „დეტალურად ვისაუბრეთ საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების კუთხით საქართველოს პარლამენტის გამოცდილებაზე და იმ პროგრესზე, რასაც, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტმა მიაღწია. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეხვედრას ქართული მხრიდან, ასევე ესწრებოდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მერაბ ქვარაია.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტის, ანდერს კნაპეს საქართველოში ვიზიტი ორგანიზებულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები