“მთიან რეგიონში მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა“- როგორ მოხვდა საჩხერელი მეან-გინეკოლოგი ცაგერში

ცაგერის მუნიციპალიტეტში ერთი წელია მეან-გინეკოლოგად საჩხერელი ირაკლი ტყემალაძე  მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ექიმს ოჯახისგან შორს ყოფნა უჭირს,  მაინც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, კიდევ დიდხანს დარჩეს ცაგერში და ადგილობრივ მოსახლოებას მოემსახუროს .

ირაკლიმ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტი 2010 წელს დაამთავრა, შემდეგ უკრაინაში , სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლინიკური ორდინატურა გაიარა. მუშაობდა თბილისისა და რუსთავის სხვადასხვა საავადმყოფოებში, ასევე, საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში.

როგორც ირაკლი “რეგიონულ კვირას” უყვება, როცა ჯანდაცვის სამინისტროში  ცაგერის მუნიციპალიტეტის  რეგიონალური ჯანდაცვის რაიონულ საავადმყოფოში მეან-გინეკოლოგად მუშაობა შესთავაზეს, ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა ისე დასთანხმდა. მისი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა არ გასჭირვებია, რადგან ძალიან უყვარს მთიან რეგიონებთან ურთიერთობა.  ცაგერი მისთვის ნაცნობი რაიონი ნამდვილად არ იყო, მაგრამ იცოდა, რომ მეან-გინეკოლოგი არ ჰყავდათ და გადაწყვიტა ხალხისთვის სამსახური გაეწია.

ჩვენი გადამღები ჯგუფი ირაკლი ექიმს ცაგერის საავადმყოფოში ესტუმრა. მისი განცხადებით, წლები განმავლობაში  ფეხმძიმე ქალები კონსულტაციაზე და მშობიარობისთვის ქუთაისს მიმართავდნენ და ახლა ეს მდგომარეობა რადიკალურადაა შეცვლილი.

“სამედიცინო აპარატურისა და მედიკამენტების თვალსაზრისით პრობლემები ჩვენთან არ არსებობს. რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონში მუშაობას, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ყველაფერზე – პაციენტის სიცოცხლეზეც და შემდეგ გართულებებზეც, შენ აგებ პასუხს და არავის იმედად არ ხარ. თავის ქებაში არ ჩამომართვათ,მაგრამ მახარებს ის ფაქტი,რომ მომართვიანობაც გაიზარდა და შობადობაც. ფეხმძიმე ქალები უკვე თამამად მოდიან ჩვენს დაწესებულებაში სამშობიაროდ და საკეისრო კვეთაზე. კონსულტაციაზე მომსვლელთა რიცხვმაც იმატა. თუმცა, იმ ფეხმძიმე ქალებს მინდა მივმართო, ვინც ქალაქში მიდის  მშობიარობის, ან გინეკოლოგიური პრობლემებით, ცაგერის რეგიონალური ჯანდაცვის რაიონულ საავადმყოფოს გააჩნია სრული აღჭურვილობა და შესაბამისი კადრი, რათა ეს სერვისი ადამიანებმა სრულად მიიღონ “,- ამბობს ირაკლი ტყემალაძე.

ახალგაზრდა მეან-გინეკოლოგმა საკუთარი სურვილიც გაგვიმხილა – “საოპერაციო ბლოკში ჰქონდეს ლაპარასკოპიული აპარატი, რომლითაც ლაპარასკოპიული ოპერაციების ჩატარება იქნება შესაძლებელი.“

მარინე სვანიძე

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები