ვიქტორ დოლიძე: ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე არსებული პრობლემები დაფიქსირდება

ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაში მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე არსებული პრობლემები.

ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუცია მოუწოდებს ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს, მის ოფისს, რომ ადგილზე მონიტორინგი გაძლიერდეს.

„ადამიანის უფლებათა საბჭოში უკვე ტრადიციად იქცა საქართველოს შესახებ თანამშრომლობა, საქართველოდ წოდებული რეზოლუციის მიღება. ჩვენ სამჯერ უკვე მივიღეთ აღნიშნული რეზოლუცია და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად მხარდაჭერა არის მზარდი, იმედი მაქვს, წელსაც არ გაგვიჭირდება ამის გაკეთება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე არსებული პრობლემები. პრობლემები მათი სიცოცხლის, იცით, უკვე მერამდენე ადამიანი გარდაიცვალა და მოგვიკლეს ჩვენი თანამოქალაქე, არსებული ძალიან მძიმე სოციალური ვითარება, საერთოდ უფლებების ჩამორთმევა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ისეთი როგორიც არის ჯანდაცვის, განათლების მიღების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და ასე შემდეგ. და საერთოდ, რეზოლუცია მოუწოდებს ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს, მის ოფისს, რომ პირადად მეტი ინტერესი გამოიჩინოს, ჩაერთოს აღნიშნულ საკითხებში, მონიტორინგი გაძლიერდეს ადგილზე და რა თქმა უნდა, მოუწოდებს შესაბამისად მხარეებს, რომ დაშვება შესვლის, გადაადგილების არ იყოს შეზღუდული, განსაკუთრებით მაღალი დონის საერთაშორისო მონიტორის ორგანიზაციებისთვის და პირველ რიგში გაერო-ს შესაბამისი ოფისისთვის“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები