ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირების მიზნით, ახალი რეგულაციები ამოქმედდება და საჯარიმო სანქციები გამკაცრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან, სოზარ სუბართან და ბიზნესომბუდსმენთან, მიხეილ დაუშვილთან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე ვრცლად ისაუბრა.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სრულად თანხვედრაში იყოს ევროპულთან. ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესების და ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ამოქმედდება ახალი რეგულაციები და გამკაცრდება საჯარიმო სანქციები. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოები გადავიდნენ თანამედროვე სტანდარტზე და მათი ფუნქციონირება არ იყოს ზიანის მომტანი გარემოსა და მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია საწარმოებში ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის თვითმონიტორინგის სისტემის, ასევე ფილტრების არსებობა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილის და იური ნოზაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძე.